ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სხოვნას პატივი დღეს მიაგეს. მათ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათი განცხადებით, საქართველოს გმირებს ვერავინ დააკნინებს და მებრძოლთა სულების პატივსაცემად ბოლომდე იბრძოლებენ.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას. თინა ბოკუჩავა კი კახეთში, სოფელ ალვანში, ანწუხელიძის მემორიალთან იმყოფებოდა და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საომარი მოქმედებები 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლებია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს და დაღუპულთა ხსოვნას სწორედ დღევანდელ დღეს მიაგებს პატივს.
საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან დღეს 17 წელი გავიდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. 150 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია.