აგროდაზღვევის პროექტი

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. ზარალის შესახებ 700-ზე მეტი შეტყობინებაა. თანხა უკვე დათვლილია. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან და „თიბისი დაზღვევის“ წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ დაზარალებულს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.

სოფელ ძევერას მკვიდრს, მოსავლის 50% გაუნადგურდა. მას 16 500 ლარი აუნაზღაურდება. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 70%-იანი თანადაფინანსება მიიღო. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.