აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მოლოდინები

ერთი დღე რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, მასში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმაა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.

ქართულ მხარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით სამომავლო პერსპექტივები განისაზღვრება. უნდა დამტკიცდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად ჩაერთვება, ეს კი უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.