აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი - გზავნილები ბრიუსელიდან

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ, – ბრიუსელი ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია.

ბელგიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ ერთ თვეში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უნდა გაიმართოს, რომელიც ოთხი წელია, არ ჩატარებულა. შესაბამისად, მთავარი განსახილველი თემა ის მოლოდინებია, რაც სამ ქვეყანას სწორედ დეკემბრის სამიტის მიმართ აქვს. საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და ქვეყნის პროგრესის აღიარება – ქვეყნის პირველი დიპლომატის მიერ დღეს ბრიუსელში გაჟღერებულ ამ გზავნილებს ელის ქართული მხარე დეკემბერში. მინისტერიალი უკრაინისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა. უკრაინის საზღვრებთან რუსული შეიარაღების ზრდის გამო მწვავე სიგნალებს იღებს მოსკოვიც. „საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის მსხვერპლი არ უნდა გახდნენ” – ამ გზავნილით არის ჩასული ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„მოამბე“ ბელგიიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს.