აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი

როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან უკრაინისა და მოლდოვასგან გასხვავებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ ისევ ელის. ევროპელი პარტნიორები ქვეყნისგან ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას ელოდებიან, თუმცა ცალკეული ევროპელი მინისტრები გარკვეულ სკეპტიციზმსაც გამოთქვამენ, ლიეტუვის პირველი დიპლომატის კომენტარის გამო ქართულ დელეგაციას განმარტებები დასჭირდა. რაც შეეხება 2009 წელს შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მომავალს, მინისტერიალის მონაწილეები თანხმდებიან, რომ უკრაინის ომის და მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე პროგრამა უნდა გაძლიერდეს. რამდენიმე მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მიტოვების განცდა არ უნდა გაუჩნდეთ. აქცენტი კეთდება ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავებაზეც, ამ კონტექსტში დღეს ბრიუსელიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაანონსდა.

„მოამბე“ ბელგიიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს.