აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი საქართველოში

საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პარტნიორად დასახელდა, – ეს არის მთავარი გზავნილი ორდღიანი მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმიდან, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.

შექმნიდან 10 წლისთავზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერ ქვეყნად სწორედ საქართველოს მიიჩნევენ და თანხმდებიან, რომ პროგრამა ახლა ჩვენს ქვეყანას საბოლოო მიზნის მიღწევაში, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაში უნდა დაეხმაროს.

რა გზებით უნდა დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი – სწორედ ეს იყო მთავარი დისკუსიის თემა ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, 10-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ბუნებრივია, ევროპელმა პარტნიორებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მოვლენები და რუსეთიდან ამოქმედებული სანქციებიც შეაფასეს. იყო პირდაპირი გზავნილები მოსკოვის მისამართითაც. პოლიტიკური დატვირთვის მქონე განცხადებების გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო კონფერენცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფინანსური კუთხითაც.