აღმოჩენა თაბუკაშვილის ქუჩაზე

თაბუკაშვილის 42 ნომერში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა. ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე თითქმის მთლიანად დაკარგული ჰქონდა.

ამ დროისთვის სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მხატვრობასთან ერთად, ასევე, პირვანდელი სახით აღდგება კარი, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები. სახლი მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფერწერული კომპოზიცია სწორედ იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.