თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ადვოკატი პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ომარ ფურცელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ საქმიდან გააქრო დანა, რომლითაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი ბრალდებულებს და მათ თანმხლებ პირებს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, ერთ დღეში მოიპოვეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ ორი კვირის განმავლობაში ვერ ამოიღო. ფურცელაძის თქმით, ამ ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს დაზარალებული ბრალდებულებს როგორ დაესხა თავს დანით და პატრული როგორ იღებს დანას და მოწმეს აწერინებს ხელს. ადვოკატის თქმით, დაზარალებული მმართველი პარტიის მხარდამჭერია და მას პროკურატურა მფარველობს. პროკურორი ადვოკატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე ამოღებულ ვიდეოებში საპირისპირო ჩანს და დასტურდება. მასალაში ჩანს დაზარალებულს თავს ბრალდებულები ესხმიან და დაზარალებულს დანა არ აქვს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.