აღკვეთის ღონისძიების შეფარდება  

უაქციზო სიგარეტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადაზიდვაში ბრალდებულ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი ორივე დაკავებულის თვის 100-100 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებული საკრებულოს თავმჯდომარე დუმილის უფლებას იყენებს. მეორე ბრალდებული კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ტყეში საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი „ტოიტა პრადოს“ მარკის მანქანა დატვირთეს უაქციზო სიგარეტით. გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.