თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რადგან მათი თქმით, საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულება, რაც დაკავებულის ბრალს დაამტკიცებს და დაკავებას საპროტესტო აქციებზე მის აქტიურობას უკავშირდება. პროკურატურამ კი სასამართლოს დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. თედო აბრამოვი პოლიციამ 2024 წლის 7 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დააკავა.