ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ის პატიმრობაში. საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევაზე – 4 სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი – მამუკა ჯორბენაძე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. სტუდენტებისა და ლექტორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ დაკავებული სტუდენტები აქციებზე აქტიურობის გამო დასაჯეს.