აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მსვლელობისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულებს შორის არიან: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, ასევე რეზო კიკნაძე, რომელიც საქმის მასალებით პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარედ დააკავა. თავად დაკავებული კი აცხადებს, რომ ის მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე აიყვანეს. მისი ადვოკატი საქმის მასალების გაყალბებაზე ლაპარაკობს, საკითხზე არსებობს მეტროპოლიტენის თანამშრომლის განცხადებაც. საქმის არსებითი განხილვა გადაიდო, პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევისთვის დამატებით დროს ითხოვს. მოსამართლე დღეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.

11-ივე დაკავებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობები დააყენა. ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობენ გირაოს სხვადასხვა ოდენობით, ასევე თავდებობას. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატების ნაწილმა დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს თავად დაკავებულებმა – ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რეზო კიკნაძემ.

მოსამართლე ახლა სათათბიროდ არის გასული. პროცესს ხატია ჯამალაშვილი აშუქებს.