თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ათ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულთაგან რვა დუმილის უფლებით სარგებლობს, დანარჩენი ორი პირის – დათო ღურწკაიასა და კახაბერ კვაჭანტირაძის განცხადებით კი, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. პროცესზე ადვოკატთა ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოითხოვა, ნაწილმა კი სასამართლოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ცნობისთვის, ათივე ბრალდებულს პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.