აღკვეთის ღონისძიება
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ცნობილია, რომ არც ერთი დაკავებული, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულებს შორის, ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები არიან. ადვოკატები არ უარყოფენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, პროსტიტუციაში ჩართულები არიან, თუმცა მათივე თქმით, ისინი დანაშაულს არ ჩადიოდნენ. არც პროსტიტუციას უწყობდნენ ხელს და არც პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ ფართს. ადვოკატები, დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, რიგ შემთხვევაში კი – ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს სთავაზობენ. ამ დროისთვის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დახურვის შუამდგომლობით, მოსამართლეს, ერთ-ერთი დაკავებულის, ხატია წერეთლის ადვოკატმა მიმართა და მიზეზად საქმეში არსებული პირადი და ინტიმური შინაარსის ინფორმაცია დაასახელა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დაიხურა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ცნობილია, რომ პროკურატურა ყველა დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.