დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ცანავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცანავა ბრალს არ აღიარებს, დღევანდელ პროცესზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და დაკავების შემდეგ მას შესთავაზეს ფულადი თანხა და თავისუფლება, მისივე თანაგუნდელის, ლევან ხაბეიშვილისთვის თვალთვალის სანაცვლოდ, რაზეც ცანავას თქმით, უარი განაცხადა.
შეგახსენებთ რომ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 დოლარი მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა. ბრალდება ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.