აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ილია ლომიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. გამოძიების ცნობით, 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.