აღკვეთის ღონისძიება

40 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ეგვიპტის მოქალაქეა. 20 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებდა. შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ თბილისში, დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს, 40 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ამავე ბინაში აიყვანეს. დაკავების მომენტში მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.