აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება სასაფლაოების მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. ამავდროულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ორი დღის განმავლობაში მგზავრობა იქნება უფასო.

რაც შეეხება რკინიგზას, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებითი რეისები დანიშნა: თბილისი-ბათუმი-თბილისი და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით, ან საქართველოს რკინიგზის სალაროებში.