შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სრულიად საქართველოს აფხაზეთობას ულოცავს. სახელმწიფო მინისტრი განცხადებაში წერს, რომ „აფხაზეთობის“ აღნიშვნა ილია მეორის ინიციატივით დამკვიდრდა.
„23 მაისი განსაკუთრებული თარიღია – წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში, აფხაზეთის მიწაზე იქადაგა. სწორედ ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს – იგი წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთიან ქრისტიანულ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიას, იმ კულტურულ და ადამიანურ კავშირებს, რომელთაც ვერც დრო და ვერც ხელოვნურად აღმართული ბარიერები გააქრობს.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით“, – აღნიშნულია თეა ახვლედიანის განცხადებაში.