აფხაზეთის ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღს უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ე.წ. საარჩევნო კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ ე. წ. არჩევნებისთვის მზადება წარიმართება ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურის პარალელურად და „ინაუგურაციამდე“ ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობას რაულ ხაჯიმბა შეასრულებს.

ე. წ. არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით გამოაცხადა, რასაც სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან, ტაში და შეძახილები მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ოპოზიციის ზეწოლის შედეგია. პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ეცნობა და ე. წ. ოფიციალურ პირებს ხვდება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ის უკვე შეხვდა რაულ ხაჯიმბას, ხოლო დღეს დილიდან შეხვედრები დაიწყო ე.წ. პრემიერ-მინისტრთან და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან.