„აფხაზეთი“ ზაზა დარასელის თასის გამარჯვებულია

ზაზა დარასელის სახელობის ტურნირი ფეხბურთში „აფხაზეთის“ გამარჯვებით დასრულდა. ცნობილი ტელეჟურნალისტისა და მეორე არხის ყოფილი დირექტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი წელს 25-ედ გაიმართა და ტრადიციულად, მთავარი პრიზისთვის ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გათამაშება საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდებოდა. ტურნირის ფინალში, რომელიც ზაზა დარასელის დაბადებიდან 75 წლის იუბილეზე გაიმართა, აფხაზეთის ტელევიზიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში „ტელეკომპანია იმედის“ გუნდი 3:2 დაამარცხა. „დარასელის თასის“ გამარჯვებული ერთადერთი გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე მონაწილეობდა.