აფეთქება ფონიჭალაში – სამძებრო სამუშაოები გრძელდება
უწყვეტი სამძებრო სამუშაოები ფონიჭალაში – ბოლო მონაცემებით, ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ორ ადამიანს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ნაპოვნია ოთხი ცხედარი.
სამაშველო სამსახურების დამატებითი ძალების მობილიზებაა მეორე და მესამე სართულებს შორის იმ ნაწილში, საიდანაც ოთხი საათის წინ სამი წლის გოგონა უვნებელი გამოიყვანეს. ბავშვი ნანგრევებში რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დღეს დილით შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა. რუსთავის გზატკეცილის №16-ში, კორპუსის მეხუთე სართულზე, სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ერთი სადარბაზოს ხუთი სართული, დაზიანდა გვერდით სადარბაზოს რამდენიმე ბინაც. სამძებრო სამუშაოებს და ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ კორპუსის საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც მაშველებმა გარკვეული დროით სამუშაოები შეაჩერეს. არსებობდა ნგრევის საფრთხე, თუმცა დღის ბოლოს თქვეს, რომ ექსპერტიზამ ნგრევის საშიშროება გამორიცხა.
სამძებრო სამუშაოები 150 მაშველით, მძიმე ტექნიკით, სეისმო-აკუსტიკური მოწყობილობით და ძაღლებით – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.