აფეთქება ფონიჭალაში
დღეს დილით ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ჩამონგრეულია სადარბაზო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მეხუთე სართულზე არსებულ ბინაში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან გამოიყვანეს ოთხი დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანიც. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე დილიდან შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი იმყოფებიან. კახა კალაძის განცხადებით, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, 90-ვე ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ.