ადვოკატი: ზურაბ ნეფარიძემ, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, თვითმკვლელობა სცადა

ადვოკატის განცხადებით, საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ზურაბ ნეფარიძემ, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან, პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო და ნეფარიძესთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხეში გაიმართა, ბრალდებულმა საგამოძიებო უწყება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით შანტაჟში დაადანაშაულა.

მედიასთან ბრალდებაზე ნეფარიძის შვილმაც ისაუბრა. მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზეზად მან სწორედ ეს მუქარა დაასახელა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დღეს საქმის პროკურორის აცილებაც ითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გაჟღერებულ ბრალდებას პროკურორი სიცრუეს უწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.