საპროტესტო აქციების მონაწილე ისაკო დევიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8 იანვარს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მსგავსს საქმეზე სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მარიამ გაჩეჩილაძეს, რომელსაც 9 იანვარს რუსთაველის გამზირის ხელოვნურ გადაკეტვას ედავებოდნენ. პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა ისაკო დევიძემ. მან მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ მისი საქმის ობიექტური შემფასებელი ვერ იქნებოდა, რადგან უკვე მესამედ ასამართლებს და უსამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. შსს-ს წარმომადგენლის მტკიცებით, 8-9 იანვარს რუსთაველის გამზირი ისაკო დევიძემ და მარიამ გაჩეჩილაძემ ხელოვნურად გადაკეტეს. მათი განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილი ცარიელია და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს ხელოვნურად კეტავენ. საპირისპირო პოზიცია აქვთ ადვოკატებს. მათი განცხადებით, ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს, რომლიდანაც ჩანს, რომ რუსთაველზე ბევრი ხალხია, ტროტუარიც სავსეა აქციის მონაწილეებით და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ბუნებრივად მოხდა.