ადმინისტრაციული საქმეების განხილვა

საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ.

მეძმარიაშვილს შსს-ს წარმომადგენელი 11 დეკემბერს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, პროცესი მოსამართლემ დახურა. სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარი თავად არასრულწლოვანმა მეძმარიაშვილმა და მისმა დედამ გააკეთა, რომელიც პროცესს ესწრებოდა. როგორც მათ განაცხადეს, საქმეში არსებული ვიდეოკადრებში არ ჩანს, რომ არასრულწლოვანმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა. მათი განმარტებით, კადრებიდან ჩანს მხოლოდ ის, რომ რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია, ადგილზე შეკრებილია ხალხი და აქციის მონაწილეებს შორის მშვიდობიანად დგას მიქაელ მეძმარიაშვილიც. მათ ამის ამსახველი კადრები მედიას მიაწოდეს. მოსამართლემ პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.