ისევ აქტუალურია კითხვა, ვინ მიიღებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? – ოპოზიციიდან ბრძოლას ისევ მხოლოდ „გირჩი“ გეგმავს. ბუნდოვანია „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიცია, სადაც ამბობენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როცა ამის დრო მოვა. სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის კი ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ერთი მიზეზის – მოსალოდნელი დამარცხების გამო არიდებს თავს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდი მერისა და საკრებულოს არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს.