ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია ვინ ჩაერთვება საარჩევნო პროცესში ოპოზიციიდან. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობენ, სადაც მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე არჩევნების გარდა, ნებისმიერ სხვა ტიპის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება იქნება. სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი მათი პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მაშინ, როდესაც საკითხი საარჩევნო სამზადისს უკავშირდება, ამ თემას პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აუცილებელ ნაწილად ასახელებენ.