ადეიშვილი ევროსაბჭოსთან შეხვედრაზე უკრაინის სახელით

„უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს და ეს უკვე წლებია გრძელდება, ეს ყველაფერი ომამდე ბევრად ადრე დაიწყო“,- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის სახელით ევროსაბჭოსთან გამართულ შეხვედრაში საქართველოში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯერ უკრაინის წინა ხელისუფლება და ახლა მოქმედი ხელისუფლება იფარებენ უმძიმეს დამნაშავეებს, რაც უპატივცემულობის გამოხატულებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ. „სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და დროდადრო უკრაინის ხელისუფლებაც, მცდარ ნაბიჯებს დგამენ“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი. მოქალაქეების ლიდერის შეფასებით უცნაურია, რომ 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა. ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს.