ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე

რამდენად დაცულია საქართველოში ადამიანის უფლებები – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნამ ხელისუფლების და უფლებადამცველი ორგანიზაციების ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების ფონზე ჩაიარა.

მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი მოქალაქეს და მისი უფლებებისა და ღირსების დაცვას ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად აცხადებს და ამ მიზნით წლის განმავლობაში გატარებულ სხვადასხვა რეფორმაზე მიუთითებს, სულ სხვა აქცენტები და გზავნილები იკითხება არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის განცხადებებში. პანდემია, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გავრცელებული კადრები, არჩევნები და პოლარიზებული საარჩევნო გარემო, მედია და 5 ივლისის მოვლენები – ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში მძიმე შინაარსისაა, რის გამოც ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა. სახალხო დამცველის პრეტენზიებისა და შენიშვნების მიღმა ხელისუფლება პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.