ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ევროკავშირის რეკომენდაციები განიხილა. უფრო კონკრეტულად, განხილვის საგანი მეთერთმეტე რეკომენდაცია იყო, რომელიც ქართულ სასამართლოებში სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკის გამოყენებას ეხება. სხდომაზე დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში მოისმინეს და შესაბამისი კანონპროექტიც წარადგინეს, რომელსაც კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მართლმსაჯულების სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არამარტო მოსამართლე, არამედ პროცესში ჩართული ყველა მხარე, ყველა ეტაპზე გამოიყენებს. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იგეგმება სტრასბურგის გადაწყვეტილებების თარგმნაც.