ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეხმაურება პრემიერი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს წერილობით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წლის 23 მარტს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. „ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს. ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა და სულ ახლახან – ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს გზა დღითიდღე გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან – საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.