„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისში ჩატარებული შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უფლებადარღვევების, მთავარი გამოწვევებისა და მიგნებების შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ამ დოკუმენტში საუბარია 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდზე. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტი დედაქალაქში ჩატარებულ 15 აქციას მოიცავს, რომელთაგანაც რვა შეეხებოდა პროტესტს „გამჭირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ. ანგარიში ასახავს ისეთ უფლებადარღვევებსა და პრობლემებს, როგორიცაა აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევებში – წამება, აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოყენება, ასევე აქციებზე მყოფი პოლიციელების არაიდენტიფიცირება.
ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის – „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.