აცრის წამახალისებელი პროგრამა

60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ მხოლოდ ის პირები, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლად გახსნილ ანგარიშზე მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში პირველი ვაქცინაციის მონაცემი მკვეთრად გაიზარდა – მაგალითად, 18 ნოემბრის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 8 ნოემბრიდან დღემდე ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი დოზა ვაქცინით გაკეთების მაჩვენებელი შიდა ქართლში 7-ჯერ, გურიაში 6-ჯერ, რაჭაში 5-ჯერ გაიზარდა.