აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ერთწლიანი ანგარიში ჩააბარა. ე.წ. მუყაოს ქალაქის ბინადრებზე ალტერნატიული ფართების გაცემა, ინვესტიციების მოზიდვა, ქობულეთში დაწყებული ე.წ. მწვანე ქალაქის პროექტი და რეგიონში განათლების და მეცნიერების ქალაქის აშენება,- ეს ის პროექტებია, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე მთავარ მიღწევებს შორის ასახელებს. მშვიდ ვითარებაში დაწყებული პრეზენტაცია ხმაურით გაგრძელდა. ოპონენტებმა მთავრობის მეთაურს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.