აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების – კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს, ჩემპიონი გუნდების წარმატებების აღიარება და მათი მხარდაჭერა წარმოადგენდა. რეგიონის ხელმძღვანელმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს – სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010ს“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ზურაბ პატარაძემ, სპორტსმენებისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტულების მოპოვება სპორტსმენებისა და მწვრთნელების მრავალწლიანი შრომის შედეგია და მნიშვნელოვანი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში. შეხვედრაზე რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.