აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა

დღეიდან ვაკანტურია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიც. ოთხი წლით არჩეულმა ზურაბ პატარაძემ ორწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. გადაწყვეტილება კი გუნდური შეთანხმებით ახსნა.

პოსტიდან წასვლის დასახელებული მიზეზები არადამაჯერებელია უმაღლესი საბჭოს ოპოზიციისთვის, კითხვები გაუჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. სწორედ გიორგი მარგველაშვილმა უნდა წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის მეთაურობის ახალი კანდიდატი.

კულუარული ინფორმაციით, პატარაძის შემცვლელებად ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე და აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე განიხილებიან.