აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სულხან თამაზაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა წარადგინა და სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. მხოლოდ 2025 წლის მეორე კვარტალში, რეგიონის ბიზნესსექტორის ბრუნვა 8%-ით, პროდუქციის გამოშვება 11%-ით, დასაქმება 10%-ით, ხოლო საშუალო ანაზღაურება 9%-ით გაიზარდა. ასევე, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა უძრავი ქონების ბაზარმა და წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით გადააჭარბა.