აჭარის მთავრობის სხდომა

12:15, 01.09.2026

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე გაამახვილა. ბოლო 7 თვის მონაცემებით, აჭარას ორ მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ივლისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, ჯამში კი, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდა. ასევე, კურორტ გოდერძიზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე – იგეგმება მსხვილი საინვესტიციო და საზღვაო ფორუმის გამართვაც. პარალელურად, აქტიურად ვითარდება საგანმანათლებლო და სოციალური ინფრასტრუქტურა. ახალ სასწავლო წელს, ბათუმი ოთხი ახალი და ორი რეაბილიტირებული სკოლით ხვდება, რეგიონში კი – სულ 25 სკოლა განახლდა. გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო ე.წ. ოცნების ქალაქშიც, ამავე ტერიტორიაზე სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადდა კონკურსი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებაზე. მთავრობის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული სტაჟირების პროგრამაზეც ისაუბრა.

მსგავსი