აჭარის მთავრობის სხდომა

ბათუმში აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. მისი განცხადებით, სექტემბერში ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ხუთი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. ბათუმს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, ხოლო ქობულეთში სამი ახალი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. თამაზაშვილის განცხადებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურ ფაზაშია. ასევე, ხელვაჩაურში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურისტული სეზონიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეგიონში ამ მიმართულებითაც დადებითი ტენდენციებია, ვიზიტორების რაოდენობა კი 10 %-ით გაიზარდა.