აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 267 ოჯახს დაეხმარება. აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.
დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 7.5 მლნ ლარზე მეტი გამოიყო, მიმდინარე წელს კი 352 ოჯახისთვის უკვე გამოყოფილია 4 მლნ ლარზე მეტი.