აჭარის ფინანსთა მინისტრის ანგარიში

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა, როგორც გასული წლის ბიუჯეტის შესრულების, ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია მიიჩნევს, რომ გასულ წელს ბიუჯეტი არჩევნებზე იყო მორგებული და არარეალურობის გამო ვერ შესრულდა. „ქართული ოცნების“ წევრები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტის ბოლომდე ათვისებას ხელი შეუშალა ობიექტურმა გარემოებებმა, მათ შორის პანდემიამ და მინისტრს ყველა კითხვაზე ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გასული წლის მნიშვნელოვან პროექტებად „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებულებისთვის 582 ბინის მშენებლობას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს და სხვა პროექტებს ასახელებს.