ბათუმში აქტიური საზღვაო სეზონი გაიხსნა. ზღვისპირა ქალაქში წელს ბევრ სტუმარს ელოდებიან, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ფრენები კი მესამედითაა მომატებული. სანაპირო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები გაძლიერებული შემადგენლობითა და განახლებული აღჭურვილობით იზრუნებენ. ტრადიცია არც წელს დაირღვა და სეზონი ორდღიანი ფესტივალით დაიწყო, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია კულინარიულ მასტერკლასებს, გამოფენებსა და გასართობ სივრცეებს დაეთმო.