აჭარაში მოქმედ მეჩეთებში რამაზან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველი მუსლიმები დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლოცვა აღევლინა აჭარაში მოქმედ მეჩეთებში. ბათუმში მორწმუნეებმა დღესასწაული ცენტრალური მეჩეთის პარალელურად იმ ტერიტორიაზე აღნიშნეს, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავენ.

“მილიონ ლარამდე უკვე შეგროვდა შემოწირულობებით. ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, თუ ნებართვას საბოლოოდ ვერ მივიღებთ, მრევლი ნებართვის გარეშე ააშენებს მეჩეთს”, – განაცხადა პირველ არხთან ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ.

მრევლის ნაწილმა დღესაც უადგილობის გამო ლოცვის რიტუალი ქუჩაში ქვაფენილზე შეასრულა. ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეებს ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე კი ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ზურაბ პატარაძისგანცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია.

“ბოლო დეტალებს გავდივართ, განიხილება პროექტიც. ყველაფერი გაკეთდება მრევლისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბაირამის დღესასწაულს წინ უძღვის მარხვა, რომლის დროსაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მორწმუნეებს ეკრძალებათ საკვებისა და წყლის მიღება. დღეს ისინი მოინახულებენ წინაპართა საფლავებს, უხვად გასცემენ მოწყალებას და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.