აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა. აღნიშნული შუამთობის დღესასწაულს სპეციალურად დაამთხვიეს. ზიპლაინის სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური ოპერირება და უსაფრთხოების მონიტორინგი ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იტალიურმა კომპანიამ განახორციელა. მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ოთხი სეზონის ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩირუხის მთა დაკავშირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტებთან და კურორტ გოდერძისთან, სადაც უკვე მოწყობილია ტურისტული ბილიკები. შესაბამისად, ახალი ზიპლაინი ქმნის ტურისტული პროდუქტების ერთიან ჯაჭვს ორ მუნიციპალიტეტს შორის.