აბრეშუმის გზის ფორუმი

საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის მასპინძელია.

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა. უკრაინის ომის, გლობალური გამოწვევების და უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, ფორუმი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ერთ სივრცეში განიხილავენ. როგორ უნდა განვითარდეს შუა დერეფანი – ეს გამოსვლების და პანელური დისკუსიების მთავარი თემაა. რუსეთის გვერდის ავლით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მიმართ ინტერესი უკრაინის ომმა და ევროპაში შექმნილმა ენერგო კრიზისმა განსაკუთრებულად გაზარდა. თბილისში იმყოფებიან სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერებიც. პორტების მშენებლობა, სარკინიგზო გადაზიდვების და ტვირთბრუნვის გასააქტიურებლად დაგეგმილი პროექტები, რკინიგზის მოდერნიზება, გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერისგან ის გეგმები მოისმინეს, რომლებიც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანას აბრეშუმის გზის განსავითარებლად აქვს.