აბორტების შემცირებული მაჩვენებლები
მოჰყვა თუ არა შედეგი ორი წლის წინ ამოქმედებულ რეგულაციას – სტატისტიკა აჩვენებს, რომ აბორტებთან დაკავშირებით კლინიკებისთვის გამკაცრებულმა მოთხოვნებმა აბორტების მაჩვენებელი გარკვეულწილად შეამცირა. თუმცა პრობლემები ისევ რჩება – განსაკუთრებით რეგიონებში. კანონში შესული ცვლილებები სამშობიაროებს ავალდებულებს, რომ ქალს შესაბამის ოპერაციაზე მხოლოდ სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობის შემდეგ დათანხმდნენ და ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადა დაიცვან. დარღვევების შემთხვევაში კლინიკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა დგება. ორი წლის თავზე ექიმები აბორტების კლების ტენდენციაზე საუბრობენ და ახალ რეგულაციებთან ერთად სტატისტიკის შემცირებას ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარებულ კამპანიასაც უკავშირებენ. მედიკოსების ნაწილი მომავალში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.