აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში შედგა

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ონლაინ ფორმატში რუსეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შეხვედრა.

ონლაინ შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებასა და უკანონო დაპატიმრებებზე. რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის, „3+3“ და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ამ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.