9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 

ქვეყანა თავისუფლებისთვის დაღუპულებს იხსენებს.

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები ტიტებით მიდიან და ქვეყნის დამოუკიდებლობას შეწირულ გმირებს პატივს მიაგებენ. მემორიალთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც. 32 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეფასდა უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა და რომელმაც საქართველოს მომავალი განსაზღვრა. საბჭოთა სადამსჯელო ოპერაციის და სასტიკი მეთოდებით დარბეული მშვიდობიანი დემონსტრაციის გახსენების დროს განსაკუთრებული აქცენტი მაშინდელ ერთიანობაზე კეთდება, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.