9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რეგიონებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სენაკშიც. მემორიალი ყვავილებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ადგილზე შეიკრიბნენ 1989 წლის აპრილის მოვლენების მონაწილეები.
ფოთში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათი თქმით, ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო ფურცელი.
დღესვე, 9 აპრილს, სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა. ფოთის საკათედრო ტაძარში კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.